(23.11 - 21.12) მშვილდოსანი (Sagittarius) - ცეცხლის სტიქიის ნიშანია. ამ თანავარსკვლავედის წარმომადგენლების მთავარი მახასიათებლებია ცნობისმოყვარეობა, აქტიურობა და ახალი შთაბეჭდილებებისკენ სწრაფვა. მშვილდოსნები არასდროს სხედან ერთ ადგილზე, არიან ქმედითი და იდეებით სავსენი, უყვართ თავგადასავლები და მოგზაურობა, არიან რისკისადმი მიდრეკილი. თუნდაც უჩვეულო ვითარებაში აღმოჩნდნენ, არ იბნევიან, ადვილად პოულობენ თანამოაზრეებსა და მეგობრებს. კომუნიკაბელურობა და გულგახსნილობა ამ ადამიანებს ცხოვრების მსუბუქად გავლასა და სირთულეებთან გამკლავებაში ეხმარება.
მშვილდოსნები პატიოსანი და პირდაპირი არიან. ისინი არ მალავენ საკუთარ მოსაზრებებს და მას ღიად გამოთქვამენ, რითიც გარშემომყოფებიც შეიძლება გაანაწყენონ. ამასთან, მათ სურვილი არა აქვთ, ვინმეს ტანჯვა მიაყენონ, უბრალოდ, თავიანთ მოვალეობად მიიჩნევენ, საკუთარი მოსაზრება გამოთქვან. ამის გამო მათ ხშირად უხეშ და გაუზრდელ ადამიანებად მიიჩნევენ.
მშვილდოსნებისთვის ყველაზე დიდი საშინელება ერთფეროვნება და მოწყენილობაა. ახალ საქმეებს დიდი ენთუზიაზმით და მთელი ძალისხმევით იწყებენ. ისინი ადვილად ითვისებენ უცხო ენებს, ადვილად სწავლობენ, ზოგადად, გონებაგახსნილი ადამიანები არიან.
მშვილდოსნები ერთ ადგილზე ვერ ისვენებენ, ადვილად იტაცებთ რაიმე საქმე და ასევე ადვილად ნელდებიან მის მიმართ. თუ ვინმე მათ თავისუფლებას შეუზღუდავს, შეიძლება დეპრესიაში ან მელანქოლიაში ჩავარდნენ. მეგობრების წრეში, რომლებიც მათ წამოწყებებს მხარს უჭერენ, მუდმივი მამოძრავებელი ძალა და იდეების გენერატორი არიან. ადვილად იკრებენ გარშემო ახლობლებს, ენამახვილურად ხუმრობენ და შეუმჩნეველი არასდროს რჩებიან.
მშვილდოსანი მამაკაცები კომუნიკაბელური, გულღია, უშუალო არიან. უყვართ ახალ-ახალი ემოციები, შთაბეჭდილებები, ვერ იტანენ მოწყენილობასა და ბანალურობას. ისინი, როგორც წესი, შესანიშნავი ორატორი არიან, უყვართ ისტორიების თხრობა და ყურადღების ცენტრში ყოფნა. ხშირად რისკავენ, მაგრამ, როგორც წესი, ეს რისკი ამართლებს და კარგი დივიდენდები მოაქვს. ახლისადმი სწრაფვა და თავგადასავლების სიყვარული მამაკაც მშვილდოსნებს არცთუ საიმედო მეგზურებად აქცევს. ის მუდმივად ეძებს ახალ ემოციებსა და შეგრძნებებს. გარდა ამისა, ამ ნიშნის წარმომადგენლებს ხშირად უყვარდებათ. ამიტომ მშვილდოსანი მამაკაცის რჩეულმა ქალმა მთელი თავისი სიბრძნე და კრეატიულობა უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ პარტნიორს არ მოსწყინდეს. ამასთან მშვილდოსნები ძალიან აფასებენ თავისუფლებას და პირადი სივრცის შეზღუდვას არ დაუშვებენ.
მამაკაცი მშვილდოსნები დაჟინებით მიიწევენ წინ, ხანდახან აგრესიულობაც ახასიათებთ, მიზნისკენ გზაზე მათ ვერაფერი შეაჩერებს. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა კაშკაშა და ემოციური, თუმცა, მისი ერთ ადგილზე დაკავება, ან რაიმე ვალდებულებებით შებოჭვა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. პროფესიულ სფეროში ისინი ამბიციური და ინიციატივიანი არიან. ხანდახან მათი სწრაფვა წარმატებისკენ გარშემომყოფების მიერ აღიქმება, როგორც უპრინციპობა და მიზნისკენ მიმავალ გზაზე სხვების ხარჯზე სიარული, მაგრამ, სინამდვილეში, მშვილდოსნებს, უბრალოდ, არ შეუძლიათ უსაქმოდ ჯდომა და მოვლენებისთვის პასიურად თვალყურის დევნება.
მშვილდოსანი ქალები დამოუკიდებელი, ძლიერი და ძალაუფლებისმოყვარე პიროვნებები არიან. ისინი ცხოვრობენ საკუთარი პრინციპებით და გარშემომყოფების მოსაზრებებზე დამოკიდებული არ არიან. არიან კრეატიული, მრავალმხრივი ადამიანები, გარშემომყოფებს თავიანთი იდეებით ადვილად ხიბლავენ. ეს ქალები მიჩვეული არიან ლიდერობას როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ისე ურთიერთობებში; ვერ იტანენ კონტროლს და თავისუფლებისკენ ისწრაფვიან.
მშვილდოსნის ნიშნით დაბადებული ქალები პერფექციონისტი და შრომისმოყვარე არიან. ვერ იტანენ პირმოთნეობას, ფარისევლობასა და ეშმაკობას, თავადაც პატიოსანი დამოკიდებულება აქვთ საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ. მზად არიან, აღიარონ თავიანთი ნაკლოვანებები და სხვებსაც თამამად უთითებენ შეცდომებზე, რითიც ხშირად განზე დგომას აიძულებენ მგრძნობიარე და მორცხვ ადამიანებს.
მამაკაცებთან ურთიერთობებში ქალი მშვილდოსნები ვერ იტანენ პატრიარქატს. ისინი მიჩვეული არიან თანასწორ ურთიერთობებს, არ ეშინიათ ინიციატივების გამომჟღავნებისა და ვითარების საკუთარ ხელში აღებისა. ასეთი ქალის მოხიბვლა მხოლოდ ქარიზმატულ, ძლიერ მამაკაცებს შეუძლიათ, რომლებიც თავიანთ საყვარელ ქალს ტოლს არაფერში უდებენ. მშვილდოსანი ქალები გულღია და პატიოსანი არიან, ფლირტი და კეკლუცობა მათთვის უცხოა.