(21.03 - 19.04) ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანი და ცეცხლის სტიქიის ტიპური წარმომადგენელია. მას მარსი მფარველობს, ამიტომ ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ამბიციური, აქტიური, იმპულსური, პატივმოყვარე, შესაშური ენერგიის მქონენი არიან. ბუნებით აბსოლუტური ლიდერები, გამოირჩევიან სიმამაცით, თავდადებით და ხასიათის ეს თვისებები იდეალიზმსა და მიამიტობას ესაზღვრება, თუმცა, არცთუ იშვიათად, ეს რომანტიკულად განწყობილი ამაყი და ენთუზიაზმით აღასავსე ადამიანები ნამდვილ დიქტატორებად იქცევიან ხოლმე. ვერძის ნიშნის სიმბოლოა დაგრეხილრქიანი ცხვარი, რაც აგრესიას, ენერგიას, ძალასა და ავტორიტარულობას გამოსახავს.
ვერძები საოცარი მიზანსწრფაფულობით გამოირჩევიან – ისინი, უმეტესწილად, ცხოვრობენ პრინციპით: „მიზანი ამართლებს საშუალებას“. როდესაც დასახული მიზნისკენ მიდიან, კმაყოფილებას იღებენ არა მხოლოდ შედეგით, არამედ პროცესითაც – პასიური უმოქმედობა და სიზარმაცე დამღუპველი და არაბუნებრივია მათთვის. ამ ნიშნის წარმომადგენლები მუდამ მოქმედებაში, მოძრაობაში არიან, ამიტომ ყოველთვის ვერ ასწრებენ გაანალიზებას, მოქნილობის გამოვლინებას, ამიტომ მხოლოდ იმ მწვერვალებს იპყრობენ, რომელთა დალაშქვრაც აგრესიით, ავტორიტეტითა და ძალით არის შესაძლებელი. იმ შემთხვევებში, როდესაც დიპლომატიურობა, მოქნილობა, კომპრომისია აუცილებელი, ვერძები სუსტ პოზიციაში აღმოჩნდებიან ხოლმე.
ვერძი ტიპურ მამაკაცურ ნიშნად მიიჩნევა, რომლის ერთ–ერთი მთავარი მახასიათებელია ბრუტალურობა, ბატონობისკენ სწრაფვა. სწორედ ამიტომ ამ ნიშნის წარმომადგენელთა შორის ბევრია ხელისუფლების წარმომადგენელი, პოლიტიკოსი, ჩინიანი სამხედრო მოსამსახურე. მათთვის მატერიალურ კეთილდღეობაზე მაღლა დგას ხელმძღვანელობა და კონტროლი. მათი ძლიერი მხარეებია საზრიანობა, სიმამაცე, აქტიურობა, გახსნილობა ახალი იდეების მიმართ; ხოლო სუსტი მხარეებია უხეშობა, უტაქტობა, აგრესია.
მამაკაცი ვერძი ქარიზმატული, აქტიური და თავდაჯერებულია, გამოირჩევა შესაშური ტემპერამენტით, მუდმივად აქვთ სათადარიგო იდეები და გეგმები; ასეთი მამაკაცის გვერდით არ მოიწყენ – ის სულ მოძრაობაშია, თავისა და თავისი ქალის გარშემო ქმნის განსაკუთრებულ აზარტულობას, ნათელ ემოციებს, დინამიკასა და გამარჯვების ატმოსფეროს. ის თავს კომფორტულად მხოლოდ პირველი ადგილისთვის ბრძოლაში გრძნობს, საყვარელი ქალის გულის მოგებას ძლიერ მეტოქეებთან დაპირისპირებით ცდილობს, ხოლო ურთიერთობებში აჩენს ლიდერის თვისებებს და მოითხოვს თავისი განსაკუთრებულობის დამტკიცებას.
ვერძი–მამაკაცი კლასიკური ქარიზმატული ლიდერია, მისთვის მიუღებელია ქალთან მეტოქეობა, ამიტომ, როდესაც ცხოვრების მეგზურს ირჩევს, უპირატესობას ნაზ და პასიურ ქალებს ანიჭებს, რომლებიც მართვის სადავეებს მთლიანად მას გადასცემენ. ამასთან, ვერძისთვის კატეგორიულად მიუღებელია ქალისგან არა მხოლოდ ღალატი, არამედ მცირეოდენი ფლირტიც კი, თვითონ კი არ გაურბის სხვა გატაცებებს. არის რა დომინანტი ურთიერთობებში, ამავე დროს, შემოქმედებითი ნატურაა, რომელიც უპირატესობას განცდებსა და ძლიერ ემოციებს ანიჭებს, ამიტომ ძალზე პრაქტიკული ქალი მას მოსაწყენად ეჩვენება. როდესაც ვერძ მამაკაცს უყვარდება, შეიძლება ფანატიზმამდე მივიდეს, თავისი სურვილის ობიექტს აიდეალებს, შემდეგ კი ხშირად იმედგაცრუებული რჩება. თუ გსურთ, ვერძი მამაკაცის გული დაიპყროთ, უნდა იყოთ იდუმალი, არაჩვეულებრივი, განსხვავებული, მზად უნდა იყოთ, სულ მის უნიკალურობაზე ისაუბროთ.
ქალი ვერძი კაშკაშა, ძლიერი, ავტორიტარული და აქტიურია, მუდამ ეჭვი ღრღნის საკუთარ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ბუნებით ოპტიმისტი, გულუხვი არიან. მათთვის ემოციურობა მატერიალურ კეთილდღეობაზე მაღლა დგას. ვერძი ქალი – იდეალისტი, ფილოსოფოსი, ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს და არ ეშინია, რომ ამით თანამოსაუბრეს გაანაწყენებს. ერთი შეხედვით მამაკაცების მიმართ გულგრილი ჩანს, თუმცა ცოტა თუა ქალი, რომელიც ასეა დამოკიდებული სიყვარულზე, სექსსა და რომანტიკაზე, როგორც ვერძი. მისთვის ურთიერთობებში ფიზიკურ ურთიერთობებს პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს და თუ პარტნიორის სექსუალური მხარე მას არ აკმაყოფილებს, იოლად დათმობს მას.
ქალი ვერძი მუდამ მოძრაობაშია, ერთდროულად ათას საქმეს აკეთებს. ზომიერად ემანსიპირებულია, არ საჭიროებს მფარველ მამაკაცს. არის თავისუფლებისმოყვარე ნიშანი და აქედან გამომდინარე, საწინააღმდეგო სქესის წარომადგენლებშიც დამოუკიდებლობასა და სიამაყეს აფასებს. მათ მაგნიტივით იზიდავენ ძლიერი სქესის ის წარმომადგენლები, რომლებზეც მათი მომაჯადოებელი ხიბლი არ მოქმედებს. ამასთან, ურთიერთობებში მას უყვარს აღტაცება და პირფერობა, საკუთარი უპირატესობის შეგრძნება. მათი ტემპერამენტი, აქტიურობა ზოგიერთ მამაკაცს აღაფრთოვანებს, ზოგისთვის კი სრულებით მიუღებელია. შინაგანი ენერგიისა და ქარიზმის წყალობით ვერძი ქალები წლებთან ერთად არ კარგავენ თავიანთ მომხიბლაობას.